logo
ENG



პროკურატურა "პატრიოტების" რუსეთთან კავშირებს არ გამოიძიებს და შესასწავლად აუდიტს უგზავნის

31 აგვ 202016:21
3 წუთის საკითხავი
 
wrw29hey52lxqzb.jpeg

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა დეპუტატ ელენე ხოშტარიას განცხადება, რომელმაც "პატრიოტთა ალიანსის" რუსეთთან კავშირებისა და დაფინანსების გამოძიება მოითხოვა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს აუდიტის სამსახური ახორცელებს და ის უფლებამოსილია, "შეამოწმოს პარტიის ფინანსების კანონიერება":

"საქართველოს პროკურატურამ 'საქართველოს პატრიოტთა ალიანსის"დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შემოსული განცხადება განიხილა.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოს ორგანული კანონი, - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, განსაზღვრავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების დასაშვებ ფორმებს. ამავე კანონის 34-ე მუხლის თანახმად - პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალებაზე მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მათ შორის აუდიტის სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს პარტიის ფინანსების კანონიერება და მოახდინოს რეაგირება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობის დარღვევაზე, ხოლო საამისო საფუძვლის არსებობისას გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გენერალურ პროკურატურაში შემოსული ზემოაღნიშნული განცხადება, შემდგომი რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადაიგზავნა", - წერია განცხადებაში.

ხოშტარიამ პროკურატურას პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით 25 აგვისტოს მიმართა. ხოშტარიას მოთხოვნა ცენტრ "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებულ მასალებს ეყრდნობა, რომლის მიხედვით, პატრიოტთა ალიანსს წინასაარჩევნოდ კრემლი აფინანსებს და საარჩევნო კამპანიას უგეგმავს.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ მისი პარტია მრავალ საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობს.


close დახურვა